მზის შუქის მცხუნვარებამ გამაღვიძა ფანჯრიდან შემოსულმა, ფანჯარა ანუ ის ჩარჩო, რაც მისგან დარჩა. მუცელში ტკივილი და წვა ვიგრძენი, ისევ მშია, ოთახში კი მარტო ვარ.
მე აბუ მქვია, ჩემი სრული სახელი სიკეთეს, კეთილშობილებას ნიშნავს, არ ვიცი რამდენად კეთილი ვარ, ზოგჯერ ვჩუქნი ხოლმე ველში დაკრეფილ ყვავილებს ქალს, რომელსაც დედას ვეძახი, თუმცა ეს ძალიან იშვიათად ხდება, იმიტომ რომ სულ მშია და ხშირად მარტო ვარ.
ახლაც ჰორიზონტს ვუყურებ, საჭმლის მოლოდინში, რომელიც დედას მოაქავს ხოლმე თეთრი ადამიანებისგან.
აბი შემოვიდა, ცრემლიანი თვალებით, ვიცი რომ მასაც შია. ორივე ჩუმად ველოდებით მთელი დღეები საკვებს და აბეზარ მწერებს ვიგერიებთ.
ჩვენი სახლი სადაც დგას, არც ისე ცუდი ადგილია, აქ იმდენად არ ცხელა, წყალიც არც თუ ისე შორსაა. არ ვიცი რა ქვია ამ ადგილს, მგონი არც დედამ იცის, იმიტომ რომ ჩვენს გარდა აქ არავის უცხოვრია.
ღამის ფიქრები
მე მიყვარს ვარსკვლავები და მთვარე, ღამე, გრილა და ბევრს ვფიქრობ.
ცას ხშირად ვუყურებ, სანამ დამეძინება. მთავარია არ მშიოდეს, თორემ როცა მშია ვერც ცას ვუყურებ და ვერც ვარსკვლავებს ვითვლი, ალბათ იცით რა არის შიმშილი..
ახლა ამ გრძნობისგან თავისუფალი ვარ და მშვიდად ვუყურებ ლამაზ ცას. ასეთ დროს ის თეთრი ადამიანები მახსენდებიან, აქ რომ ადრე იყნენ ჩამოსულები. რა სხვანაირები და ლამაზები იყვნენ..
მას მერე მომინდა მესწავლა კითხვა, რაც მათ დატოვებული ფერადი წიგნი გადავშალე. საოცრად ლამაზი სურათებით, სადაც თვალუწვდენელი წყალი ჩანს.
ასე მგონია, კითხვას თუ ვისწავლი, ზღვასაც ვნახავ, მე ხომ არც თუ ისე პატარა, 13 წლის ბიჭი ვარ. მაგრამ არ ვიცი, ეს ყველაფერი როგორ მოვახერხო? აქ ხომ მარტო დედა მე და აბი ვართ.
კიდევ, ძალიან მინდა სხვა ადამიანების ნახვა, რომლებიც ალბათ ბევრნი არიან და იმ თეთრი ადამიანების მსგავსად, ოთხბორბლიანი მანქანები ყავთ, რომლებშიც ლამაზი გოგონები სხედან.
აბის არ აინტერესებს, აბი ჩემი დაა, მაგრამ არასდროს გადაუშლია ეს წიგნი, ახლაც ჩუმად ზის კუთხეში და არც ცას უყურებს.
ვფიქრობ რას იზამს აბი მარტო, როცა დედა საჭმელზე იქნება წასული და ვტირი, მერე ისევ ვჩერდები რადგან ჩემი სურვილი ძალიან დიდია ზღვის ნახვის. აბიზე ფიქრს ისევ ლამაზყდიანი წიგნი მავიწყებს.
ამ ფიქრებში მათენდება, ისევ მზე აცხუნებს, მშია.. მე და აბი ისევ გზას ვუყურებთ.
გაბედული ნაბიჯი
როგორც იქნა გადავდგი ეს ნაბიჯი, ახლა ოთხბორბლიან მანქანაში ვზივარ, ლამაზ თეთრ ადამიანებთან ერთად და ნელ-ნელა ვშორდები ჩემს სახლს.
თვალწინ აბი მიდგას, ცხელ ქარში მოტანტალე, ფეხშიშველი და გამურული. და დედა, ზურგზე ტვირთმოგდებული, სევდიანი თვალებით უხმოდ მიყურებს, და მე ისევ ვტირი, როგორც ცხადში ღია ცის ქვეშ.
თუმცა მალევე ვიღიმი, რადგან ზღვას ვხედავ, ზღვაზე კი არეკლილ ლამაზ სხივებს, ნაპირზე ბევრ თეთრ ადამიანს.
ცივა, არასოდეს მციებია აქამდე, უცნაური მოსასხამი მომაცვეს და გავთბი.
დაბნეული ვიყურები ირგვლივ, ვერაფერს შევადარებ ამ გრძნობას, სიამოვნებისგან ფეხებიც კი დამიბუჟდა. ვარსკვლავების ყურებისგანაც განსხვავდება ეს ყველაფერი. მინდა ვიყვირო, ყველას გავაგებინო რასაც ვგრძნობ, ალბათ ეს სიხარულია.
თეთრი ადამიანები ამბობენ “ნორვეგია”, “ნორვეგია”. ალბათ ამ ადგილს ქვია ასე, ლამაზი სახელია, ნეტა ჩემი სახელივით თუ ნიშნავს რამეს?
დამბურძგლა, ვგრძნობ რომ კითხვასაც მალე ვისწავლი..
აღარც მშია და ბედნიერი ვარ..
რაღაცა მაწყვეტინებს ამ ყველაფერს, სადღაც მტკივა!
-აბუ!
მაღვიძებს ხმა, თვალებს ძლივს ვახელ, ბუნდოვნად ვხედავ დედას, რომელიც ჩამძახის და წყალს მასხამს. ვერ ვდგები შიმშილისგან დაოსებული და თავი გასიებული მაქვს… აბი საჭმელს მაწვდის და უხმოდ მიღიმის. ლუკმა გადავყლაპე, ნელ-ნელა სილამაზე გაქრა, აღარ არის ზღვა, არც თეთრი ადამიანები არიან ირგვლივ და მე ისევ თვალები ცრემლით მევსება…. ჩამესმის “ნორვეგია”.
